logo
ENG



"პაპუაშვილმა დრო ვერ იპოვა" - ევროპარლამენტარების 20-21 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა

21 იან 202222:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.

"როგორც ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორები ჩვენ ვწუხვართ, რომ 21–22 იანვარს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ გაიმართება, რადგან შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა, რომ ჩართულიყო." – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყებაზე საუბარს, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის განვითარებას ემსახურებოდა.

"ჟან მონეს დიალოგის პროცესი მოქნილი და ნაცადი ინსტრუმენტია, ვწუხვართ რომ ამ საჭირო პროცესის წამოწყებისთვის აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა" – წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტს სთავაზობენ, ნიადაგი მოამზადონ ახლო მომავალში ჟან მონეს დიალოგის წამოსაწყებად.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ მათ ჯერათ, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში არსებული მავნე პოლიტიკური პოლარიზაცია აღმოფხვრან.


close დახურვა